ლისაბონის გამოცემა

TKESHI

ახალი მედიის ხელოვნებისა და მრავალფეროვანი მუსიკის ფესტივალი

 

 

ბექგრაუნდი

 

TKESHI 2020 წელს ღონისძიებების სერიის სახით დაიწყო და მას შემდეგ სრულმასშტაბიან ახალი მედიის ხელოვნებისა და მრავალფეროვანი მუსიკის ფესტივალად ჩამოყალიბდა, რომელიც უნიკალურ ადგილას, საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ახლოს მდებარე ფიჭვნარში ტარდება. წლების განმავლობაში ფესტივალმა უმასპინძლა დაახლოებით 180 ქართველ და საერთაშორისო არტისტს, რომლებმაც წარმოადგინეს აუდიოვიზუალური პერფორმანსები, ინსტალაციები და მრავალფეროვანი საჯარო აქტივობები. ფესტივალი გლობალური კრიზისისა და რეგიონული გაურკვევლობის პერიოდში ვითარდებოდა და უწევდა ადაპტირება სხვადასხვა გამოწვევასთან — COVID-19-ის პანდემიიდან დაწყებული, უკრაინის ომითა და საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევებით გაგრძელებული.

 

ჩვენი ხედვა ყოველთვის იყო ახალი მედიის ხელოვნებისა და აუდიოვიზუალური პრაქტიკების ღია, ბუნებრივ გარემოში გადატანა, ადამიანების ხელოვნების, ხმისა და ბუნების მეშვეობით დაკავშირება და ადგილობრივი ახალი მედიის ხელოვნების სცენის განვითარებისთვის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თბილისს 2021 წელს იუნესკოს მედია ხელოვნების შემოქმედებითი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. 2024 წლის ბოლოდან საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, რომელიც გამოიხატება რეპრესიულ კანონებში, მანიპულირებულ არჩევნებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის დამოუკიდებელ კულტურულ და კრეატიულ სექტორებზე, სახელმწიფოს მზარდ ზეწოლაში. ამ პირობებში დამოუკიდებელ არტისტულ ინიციატივებს ყოველდღიურად უწევთ სირთულეებთან გამკლავება, მაშინ როდესაც ქვეყანაში თითქმის ერთი წელია უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ კონტექსტში, სხვა მრავალი კულტურული ღონისძიებისა და პროექტის მსგავსად, TKESHI Festival-ს თბილისის მერიამ უარი უთხრა მისთვის ჩვეული ტყის ლოკაციის გამოყენების ნებართვაზე.

 

 

TKESHI Lisboa Edition 2026

 

საქართველოში არსებული რთული ვითარების გამო, რომელიც TKESHI Festival-ის ადგილობრივად ჩატარების შესაძლებლობას ზღუდავს, საერთაშორისო კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ, ფესტივალი სხვა კონტექსტსა და პლატფორმაზე, საზღვარგარეთ წარმოგვედგინა. ლისაბონის არჩევანი შემთხვევითი არ არის: ბოლო წლებში უსაფრთხოების მზარდმა გამოწვევებმა და ავტორიტარიზმის მზარდმა ტალღამ არაერთხელ გამოკვეთა ევროპის ახალი საზღვრების მნიშვნელობა — თბილისიდან ლისაბონამდე — როგორც დემოკრატიული სივრცის დაცვის კონცეფცია. ამიტომ, ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, დავიწყეთ მზადება ლისაბონში TKESHI Festival-ის შოუქეისის წარსადგენად.

 

 

ძირითადი მიმართულებები:

 

ქართული შოუქეისი აუდიოვიზუალური, სონიკური და ხმის არტისტების მონაწილეობით

ერთობლივი ლაბორატორიული პროექტი და ადგილობრივ პარტნიორებთან თანაკომისია

საერთაშორისო შოუქეისისა და გაცვლის პლატფორმა

პორტუგალიელი პარტნიორების პროექტები (RnA Studio, ლისაბონი და სხვები)

არტისტული რეზიდენციები და საგანმანათლებლო პროგრამები

ინკლუზიურ პრაქტიკებზე, ეკოლოგიასა და ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სფეროში ზრუნვის კულტურაზე ფოკუსირება